დისკვალიფიკაცია მსაჯის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო #1TVSPORT
დისკვალიფიკაცია მსაჯის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდმა ანტე რებიჩმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სერა-A-ის 27-ე ტურში, რომელშიც „მილანმა“ შინ 0:1 წააგო „ნაპოლისთან“, 27 წლის ხორვატს, კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი უჩვენეს.

ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია „მილანის“ ფორვარდმა მთავარი არბიტრის ფაბრიციო პასკუას მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო მიიღო. ამ შეხვედრის შემდეგ, მასპინძელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი დასაჯეს. ჯანლუიჯი დონარუმა მოწინააღმდეგის მიმართ მუქარისა და შეურაცხმყოფელი მოქმედების გამო დააჯარიმეს.

რებიჩმა სერა-A-ის მომდევნო 2 მატჩი ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ და შინ „სამპდორიასთან“ უნდა გამოტოვოს. ანტე რებიჩი მსაჯთან კონფლიქტის გამო პირველად არ დაუსჯიათ. „აინტრახტში“ გამოსვლის პერიოდში, „სტრასბურგთან“ მატჩში მსაჯთან მწვავე შელაპარაკების გამო გააძევეს მოედნიდან და ევროტურნირებზე ჯერ ხუთი, შემდეგ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

რებიჩი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, „იუვენტუსთან“ იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის მე-17 წუთზე დანილოს წინააღმდეგ უხეშობისთვის გააგდეს მოედნიდან.