დისციპლინარებმა გარიგებებში ეჭვმიტანილები მკაცრად დასაჯეს - ზუგდიდის „დინამო“ და „შევარდენი“ ლიგა 2-დან მოკვეთეს #1TVSPORT
დისციპლინარებმა გარიგებებში ეჭვმიტანილები მკაცრად დასაჯეს - ზუგდიდის „დინამო“ და „შევარდენი“ ლიგა 2-დან მოკვეთეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს ზუგდიდის „დინამოსა“ და თბილისის „შევარდენი 1906“-ის საკითხი და უპრეცედენტოდ მკაცრი სასჯელი გამოიტანა – ორივე გუნდი გათამაშებიდან მოხსნეს. სფფ-ს ცნობით, ამ კლუბებზე უეფა-დან გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით რეპორტი მოვიდა.

„სხდომაზე განიხილეს უეფა-ს სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე ზუგდიდის „დინამოსა“ და თბილისის „შევარდენი 1906“-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ. სადისციპლინო კომიტეტი უეფა-ს თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩების საეჭვო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა ზუგდიდის „დინამოსა“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო – ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან და დაჯარიმდა 10 000 ლარით. გუნდის ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით – სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში). ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას – 5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს – 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს – 2 000 ლარი.

ანალოგიური მკაცრი სასჯელი ამოქმედდა თბილისის „შევარდენი 1906“ და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით – სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო – თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკავლიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან და დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხოლო ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით – სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში); თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს – 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს – 2 000 ლარი.

„სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. კომიტეტის გადაწყვეტილების მოქმედება ჩერდება მხოლოდ ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების არგასაჩივრების შემთხვევაში იგი უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.