დინო ჰამზიჩმა „ჩიხურა“ დატოვა
დინო ჰამზიჩმა „ჩიხურა“ დატოვა

დინო ჰამზიჩმა საჩხერეს „ჩიხურა“ დატოვა. ბოსნიელმა კიპერმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გუნდს დაემშვიდობა.

„მადლობა საჩხერეს „ჩიხურას“. გუნდში მშვენიერი დრო გავატარე, ერთად გავიარეთ ეს ოთხი წელი და ჩვენ დავტოვეთ შესანიშნავი ეპოქა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ და ყოველთვის მემახსოვრებით თქვენ, როგორც შესანიშნავი კლუბი ძალიან კარგი ხალხით, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! მადლობა „ჩიხურას“ ამ პერიოდისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ. მაგრამ ცვლილების დროა,“ – წერს დინო ჰამზიჩი.

დინო ჰამზიჩი საჩხერეს „ჩიხურაში“ 2016 წელს ჩაირიცხა, იყო ბოსნიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე და ეროვნული გუნდის კანდიდატი. საჩხერელებთან ერთად, 2017 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

პანდემიის პერიოდში ჰამზიჩი საჩერეს „ჩიხურას“ პირველი დანაკლისი არაა. გუნდი შემტევმა ნახევარმცველებმა, ლევან ნონიკაშვილმა და ირაკლი ლექვაძემ, ასევე საყრდენმა ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმა დატოვეს. სანაცვლოდ, გუნდმა მეკარე გიორგი ბეგაშვილი და თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე დაიმატა.