დინო ჰამზიჩი ფინალის საუკეთესო მოთამაშეა - ბოსნიელმა თასის გათამაშებაში ერთი გოლიც არ გაუშვა
დინო ჰამზიჩი ფინალის საუკეთესო მოთამაშეა - ბოსნიელმა თასის გათამაშებაში ერთი გოლიც არ გაუშვა

საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” ქუთაისის “ტორპედო” პენალტების სერიაში დაამარცხა 4:3 და არსებობის განმავლობაში ტიტულს პირველად დაეუფლა.

ჰამზიჩს შეხვედრის განმავლობაში პენალტი სულ 6-ჯერ დაურტყეს და მხოლოდ სამი გაუტანეს: მე-19 წუთზე, “ტორპედოს“ ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ ბურთი ძელს მოარტყა. პენალტების სერიაში კი ბოსნიელმა კიპერმა ლევან კუტალიას დარტყმულიც მოიგერია და კუხიანიძეს მეორე ცდაზეც აუღო.

აღსანიშნავია, რომ თასის წლევანდელ გათამაშებაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში საჩხერელებმა 17-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ჰამზიჩს კი, ერთი გოლიც არ გაუშვია.