„დინამოსთვის“ შეუფერებელი შედეგი - თბილისელები ესტონურ გუნდთან დამარცხდნენ #1TVSPORT
„დინამოსთვის“ შეუფერებელი შედეგი - თბილისელები ესტონურ გუნდთან დამარცხდნენ #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ესტონურ „პაიდესთან“ გამართა და ყველასათვის მოულოდნელად, სუსტ გუნდთან დამარცხდა.

თბილისელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს და 22-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. თორნიკე კირკიტაძე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და დავით სხირტლაძე მოძებნა, რომელმაც მიმდინარე ევროსეზონში პირველი ქართული გოლი გაიტანა – 1:0.

თბილისელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს, მაგრამ „პაიდემ“ პირველივე შანსი გოლით დაასრულა. საიმონ ბენიოს შეცდომით 62-ე წუთზე სიმ ლუტსმა ისარგებლა, მაგრამ სამ წუთში „დინამო“ ისევ დაწინაურდა – სწრაფი კონტრშეტევა ლევან ხარაბაძეს ეფექტური გოლით დასრულდა – 2:1.

სტუმრებმა მე-80 წუთზე წონასწორობა ისევ აღადგინეს. გოლი სინგატემ გაიტანა, რომელმაც ორჯერ სახიფათოდ შეუტია. პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორედ კი ზუსტად დაარტყა და ამ ეპიზოდშიც „დინამოს“ დაცვა ჩავარდა – 2:2.

89-ე წუთზე ესტონელებმა პიხტის დარტყმის შედეგად მესამე გოლიც გაიტანეს და „დინამომ“ თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასანან მარცხი განიცადა – 2:3. განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში გაიმართება.