დინამოში დაფეს აკვირდებიან, თოთაძემ ძველ კლუბში ივარჯიშა
დინამოში დაფეს აკვირდებიან, თოთაძემ ძველ კლუბში ივარჯიშა

ახლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზაა, თუმცა გუნდები ემზადებიან და შესაძლოა მალე სატრანსფერო სიახლეებიც გახდეს ცნობილი.

თბილისის „დინამომ“ დიღმის ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართა. საინტერესოა, რომ გუნდთან ერთად სანაკრებო პაუზის პერიოდში ლაშა თოთაძემაც ივარჯიშა – ირანში გადასული „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი თბილისში იმყოფებოდა და ფორმის შესანარჩუნებლად ივარჯიშა.

უფრო კონკრეტული ინტერესი გუნდს არფანგ დაფეს მიმართ აქვს, რომელმაც დედაქალაქელებთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. 27 წლის სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი ბოლო სეზონი ირანულ „ნასაჯიში“ გამოდიოდა. მანამდე ის ფოთის „კოლხეთში“, ირანულ „პაიკანსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა.

„დინამოს“ ოფიციალური გვერდის ცნობით, არფანგ დაფეს ჩარიცხვის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა, როდესაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამწვრთნელო შტაბი მასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას მიიღებს.