„დინამოს“ ყოფილი მცველი მალხაზ არზიანი გარდაიცვალა #1TVSPORT
„დინამოს“ ყოფილი მცველი მალხაზ არზიანი გარდაიცვალა #1TVSPORT

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ არზიანი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, არზიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობიდა. ის მე-20 საუკუნის 80-90-იანი წლების თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო.

„დინამოს“ გარდა, უთამაშია ფოთის „კოლხეთში“, ბათუმის „დინამოში“, ლანჩხუთის „გურიაში“, რუსთავის „მეტალურგში“ და შვედურ „ელივარში“, კარიერა კი 1998 წელს 34 წლის ასაკში დაასრულა.

1985 წელს გრანატკინის მემორიალის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1 მატჩი აქვს ჩატარებული. ეს ერთადერთი შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 1992 წლის სექტემბერში ითამაშა. მაგრამ მაშინ აზერბაიჯანი არ იყო ფიფა-ს და უეფა-ს წევრი, ამიტომ მატჩი ოფიციალურად არ ითვლება.

მალხაზ არზიანს უკავშირდება თბილისის „დინამოს“ ყოფილ მწვრთნელთან, გერმან ზონინთან დაკავშირებული ცნობილი ისტორია – თბილისში ჩამოსული რუსი სპეციალისტი ქართველების მიმართ უპატივცემულობას ავლენდა და ღიად ლანძღავდა იმ ხალხს და ქვეყანას, სადაც მუშაობდა.

არზიანმა ქართველების შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ბურთი მოარტყა. ზონინმა „დინამო“ დატოვა და მას შემდეგ არც ერთ გუნდში აღარ უმუშავია. ეს ამბავი 1988 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მოხდა.