„დინამოს“ „ქამბექი“ გორში - თბილისელებმა თამაში ბოლო წამებზე შემოატრიალეს #1TVSPORT
„დინამოს“ „ქამბექი“ გორში - თბილისელებმა თამაში ბოლო წამებზე შემოატრიალეს #1TVSPORT

ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებისთვის მებრძოლმა „დინამო თბილისმა“ გორში „დილასთან“ ტურის შეხვედრა ბოლო წამებზე მოიგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

ეს იყო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა. ანგარიში პირველ ტაიმში ონორე გომისმა გახსნა. მან 35-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი მიიღო და უძლიერესი დარტყმით „დინამოს“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

შესვენებამდე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. ვიდეორეფერისთან გადამოწმების შედეგად, პირველი გოლის ავტორ გომისს ბურთზე ხელით თამაში დაუფიქსირდა, საჯარიმო „დინამოს“ თავდამსხმელმა უსმანე კამარამ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ორორე გომისმა თავისი შეცდომა მეორე ტაიმში გამოასწორა. 75-ე წუთზე მან გორელთა შეტევა ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა – მართალია, ბურთი თბილისელთა მცველს, დავით კობოურს მოხვდა და მასზე ავტოგოლი დაფიქსირდა, მაგრამ ეს გოლი „დილას“ სენეგალელი თავდამსხმელის დამსახურება იყო.

89-ე წუთზე ვიდეორეფერის ჩარევით პენალტი კიდევ ერთხელ დაინიშნა – ამჯერად, თბილისელთა კარში, მაგრამ „დილას“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვანდერსონ სილვას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ეს გორელებსთვის საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა. „დინამომ“დარჩენილ მცირე დროში შანსით შესანიშნავად ისარგებლა, 90+2 წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+4-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის შესანიშნავი გარღვევა ულად-ომარ იმრანმა დააგვირგვინა და „დინამოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 2:3.

31 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 69 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (67) ისევ გადაასწრო და ლიდერობა შეინარჩუნა. გორის „დილა“ კი 46 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზე დარჩა და წყალტუბოს „სამგურალს“ (48 ქულა) ჩამორჩება, ხოლო ქუთაისის „ტორპედოს“ (46 ქულა) ვერ გადაასწრო.