„დინამოს“ მწვრთნელი კარგად არის - ჭიაბრიშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა #1TVSPORT
„დინამოს“ მწვრთნელი კარგად არის - ჭიაბრიშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ის თავს უკვე კარგად გრძნობს – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა „თელავთან“ „კავკასიონი არენაზე“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩში გუნდს ვერ უხელმძღვანელა და მოედანზე თბილისელები მისმა ასისტენტმა, გიორგი დეკანოსიძემ გაიყვანა. ჭიაბრიშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„თბილისის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა. გიორგი ჭიაბრიშვილი 5 სექტემბერს „თელავთან“ გასამართ მატჩამდე შეუძლოდ გახდა და აუცილებელი იყო მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.​ გიორგი ჭიაბრიშვილი უახლოესი დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და მკურნალობას ადგილზე გააგრძელებს. „დინამო თბილისი“ ჩვენს მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი „დინამო თბილისის“ ექიმმა დავით ხარაბაძემ გააკეთა:

„გიორგი ჭიაბრიშვილს გუშინ, მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ – შუნტირება. გუშინვე იგი რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და დღეს გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა“.