„დინამოს“ მწვრთნელი კახა ჩხეტიანი - დღევანდელი თამაშისთვის ყველას ბოდიშს გიხდით
„დინამოს“ მწვრთნელი კახა ჩხეტიანი - დღევანდელი თამაშისთვის ყველას ბოდიშს გიხდით

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ალბანურ „ტირანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წაგებული (0:2) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ ბიჭებმა უგულოდ ითამაშეს. ამაში მათ ვერ დავადანაშაულებ. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ. მოწინააღდეგემ მოგვცა სივრცეები, მაგრამ მომენტები ვერ შევქმენით. უგულობზე ლაპარაკს არ ვეთანხმები – დღეს გული ბიჭებს ყველაზე მეტად დაწყდათ. რაც დავგეგმეთ, ვერაფერი განვახორციელეთ“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

„დინამო“ ალბანურ „ტირანასთან“ დამარცხდა 0:2 და ევროპის ლიგაზე გადაერთვება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის ჩემპიონი სერბეთის ჩემპიონ „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველი ეტაპი გიბრალტარის ჩემპიონ „ევროპასთან“ იოლად გადალახა (5:0).