„დინამოს“ მწვრთნელი - დონის ასაწევად გუნდებს ფიზმომზადების უცხოელი მწვრთნელები სჭირდებათ
„დინამოს“ მწვრთნელი - დონის ასაწევად გუნდებს ფიზმომზადების უცხოელი მწვრთნელები სჭირდებათ

„საკლუბო დონის ასამაღლებლად რა ნაბიჯებია გადასადგმელი, ამაზე ზუსტ პასუხს მე ვერ გავცემ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გუნდმა ფიზმომზადების უცხოელი მწვრთნელი რომ ჩამოიყვანოს, საერთო დონე გაიზრდება“, – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, გიორგი ნემსაძემ განაცხადა.

თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩვენი კლუბები მოთამაშეებს ევროპული დონის თამაშებისთვის ვერ ამზადებენ.

„ჩვენ ფეხბურთელებს მეტ-ნაკლებად ბურთის ფლობა ეხერხებათ. მაგრამ ევროპელებს რომ ვხდებით და სისწრაფეებს გვირთავენ, მერე გვიჭირს და ევროგათამაშების საწყისი ეტაპების გადალახვა ამიტომ გვიჭირს. ამიტომ ჩემი აზრია, გუნდებმა თანხები არ უნდა დაზოგონ და ჩამოიყვანონ მაღალი დონის ფიზმომზადების სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს მოთამაშეებს ხელს შეუწყობენ, რომ უფრო მაღალ ტემპში ითამაშონ, მეტი მოცულობის სამუშაო შეასრულონ და უფრო ათლეტურები გახდნენ. ეს ყველა გუნდმა რომ მოახერხოს, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში უკეთესი გუნდები გვეყოლება“, – დარწმუნებულია ნემსაძე.

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გუნდისთვის ასეთი სპეციალისტი მოძებნა:

„მე ასეთი სპეციალისტი მოვძებნე ის წარმოშობით უკრაინელია, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. უეფა-ს პროფლიცენზიის მფლობელია და იმედი მაქვს, რომ გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს“.

ნემსაძეს უეფა-ს ახალი ტურნირი, კონფერენციის ლიგა მოსწონს:

„ეს საკლუბო დონეზე უეფა-ს დანერგილი ერთა ლიგის მსგავსი ტურნირია, რაც მომწონს. ეს ჩვენნაირი ქვეყნების გუნდებისთვის სერიოზული შანსია, რომ უფრო წინ წავიდეთ და უკეთეს შედეგს ამ გზით მაინც რომ მივაღწიოთ. მიხარია, რომ ასეთი ტურნირი დაფუძნდა“.