„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ანდორელებთან გოლი არ უნდა გავუშვათ და შემდეგ შეხვედრას მშვიდად შევხვდებით
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ანდორელებთან გოლი არ უნდა გავუშვათ და შემდეგ შეხვედრას მშვიდად შევხვდებით

11 ივლისს, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე თბილისის „დინამო“ ანდორას „ენგორდანს“ შეხვდება.

„დინამომ“ მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და თავდამსხმელმა ლევან შენგელია პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკეს.

„მთელი სერიოზულობით ვემზადებით. ფეხბურთელები კარგი განწყობით არიან და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველა ჯანმრთელადაა. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, გოლი არ გავუშვათ და შემდეგ შეხვედრას უფრო მშვიდად შევხვდეთ. ჯერ მეორე ეტაპის მეტოქეზე არ ვფიქრობთ, რადგან ჯერ ეს ეტაპია გასავლელი. იმედია, ამ ბარიერს გადავლახავთ. ფეხბურთელები საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ. შემადგენლობას ვერ დავასახელებ. არ მინდა, მეტოქეს თუნდაც პატარა პრივილეგია მივანიჭო“, – ამბობს ფელის ვისენტე.

ლევან შენგელიას თქმით, ეცდებიან, „შეხვედრაში კარი მშრალად შეინახონ“.

„რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაში კარის მშრალად შენახვას ვცდილობთ. მაგრამ თუ გავუშვებთ, არც ეს იქნება ტრაგედია – მთავარია, ბევრად მეტი გავიტანოთ და განმეორებით შეხვედრამდე კომფორტული უპირატესობა მოვიპოვოთ. მეტოქის დაუფასებლობა კი გამორიცხულია. პროფესიონალმა ფეხბურთელმა ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე უნდა მოინდომოს“,- განაცხადა ლევან შენგელიამ.

შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ, 11 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება. „დინამო“ -„ენგორდანის“ მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.