„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ალბანელებთან მოედანზე დიდი პასუხისმგებლობით გავალთ
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ალბანელებთან მოედანზე დიდი პასუხისმგებლობით გავალთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრასა და „დინამო თბილისის“ მეტოქე ალბანურ „ტირანაზე“ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილი და კარგი გუნდია. ჩვენთვის კარგად ნაცნობ „კუკეშს“ მათ ოთხი ქულით გაასწრეს. გარდა ამისა, გამორჩეულები არიან იმითაც, რომ შვიდი ლეგიონერი ჰყავთ, მათ შორის ინგლისელი, ბრაზილიელი და არგენტინელი. „ტირანას“ არც ტრადიციები აკლია. ალბანეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 12 აგვისტოს, „თელავთან“, ეროვნულ ლიგაში ჩასატარებელი შეხვედრა გვაქვს, შემდეგ კი სრულფასოვნად გადავეწყობითტირანასთან“ მატჩისთვის, მეტოქეს კარგად შევისწავლით და მოედანზე იმ პასუხისმგებლობით გავალთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრის წინაშე გვაკისრია“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.

2018 წელს კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორედომ“ ევროპის ლიგიდან ალბანური „კუკეში“ გამოაგდო. ჩხეტიანმა ალბანურ გუნდთან თამაშისა და გამარჯვების გამოცდილებაც გაიხსენა: „როცა ერთი კონკრეტული ქვეყნის გუნდს ეთამაშები, გარკვეული სურათი გექმნება, მაგრამ „კუკეში“ და „ტირანა“ სხვადასხვა სათამაშო სტილის გუნდები არიან. ალბანეთის გუნდების წინააღმდეგ ვისწავლე, რომ პირველ შეხვედრაში მოგების შემდეგაც არ უნდა გაჩერდე, რადგან მეორე მატჩში ისინი ბრძოლისუნარიანები არიან და სცენარის სათავისოდ შემოტრიალება შეუძლიათ, რაც აქამდეც გაუკეთებიათ. თუმცა, ახლა ერთი მატჩია და ამ ერთ შეხვედრას მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ. ჩვენ არა მარტო „დინამოს“ და თბილისს, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ“.

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი უეფა-ს იმ გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ამ მატჩზე გულშემატკივარი არ დაიშვება: „ცუდია, რომ გულშემატკივარი არ გვეყოლება, რადგან იგი ფეხბურთში მთავარი ფიგურაა, ის ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცია და ემოციის წყაროა. თუმცა, კარგია, რომ საშინაო კედლებში ვთამაშობთ, რადგან მგზავრობა და ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ დაგვჭირდება“.