„დინამოს“ მხარდაჭერა მწვრთნელსა და მეკარეს - „სამგურალის“ დამარცხებით თბილისელები ლიდერს მიუახლოვდნენ #1TVSPORT
„დინამოს“ მხარდაჭერა მწვრთნელსა და მეკარეს - „სამგურალის“ დამარცხებით თბილისელები ლიდერს მიუახლოვდნენ #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ პირველივე წუთებიდან შტუმრი მოუწყო ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალს“ და მატჩის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობით უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო – 3:0.

„დინამო არენაზე“ გამართულ მატჩამდე თბილისელებმა გიორგი ჭიაბრიშვილსა და დავით კერესელიძეს მალე გამოჯანმრთელება უსურვეს. გუნდის მთავარ მწვრთნელს გულზე ოპერაციის შემდეგ ექიმები საქმიანობაში დაბრუნებას უფლებას დროებით არ აძლევენ, ხოლო „დინამოს“ მეკარე დაშავდა და საოპერაციოა.

ჭიაბრიშვილის არყოფნაში „დინამოს“ გიორგი დეკანოიძე ხელძღვანელობდა. „დინამომ“ საწყის წუთებში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მე-6 წუთზე ოსეი ბარნსმა შორეული დარტყმით „სამგურალის“ კარი აიღო. ერთ წუთში კი დასარტყმელ პოზიციაზე მყოფმა თორნიკე კირკიტაძემ მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლის მცდელობა ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ კარის აღება მხოლოდ ბილენკიმ მოახერხა, რომელმაც საბოლოო ანგარიში 90+4-ე წუთზე დააფიქსირა და „დინამომ“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგებით საჩემპიონო ბრძოლა მაქსიმალურად დაძაბა.

ეროვნულ ლიგაში გამართული 26 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 56 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ჩამორჩენა (57) მინიმუმამდე დაიყვანა. „სამგურალი“ (42) მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ შვიდმატჩიანი წაუგებელი თამაშების სერიის შედეგად ქუთაისის „ტორპედომ“ (40) სხვაობა შეამცირა.