„დინამოს“ ლეგენდა, რომელმაც 13 მაისს ვერ ითამაშა - შოთა ხინჩაგაშვილი იუბილარია #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი მცველი, შოთა ხინჩაგაშვილი, რომელიც იუბილარია – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მცველი 70 წლის გახდა.
პროფესიული კარიერა
1968–1969 მეტალურგი
1970–1982 დინამო თბ. 241 (0)
სანაკრებო კარიერა
1976–1979 სსრ კავშირი 11 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1984 დინამო თბ. (თანაშემწე)
1986 დინამო თბ. (დირექტორი)
საკლუბო კარიერა
ფეხბურთის თამაში 1967 წელს რუსთავში დაიწყო. 1968–1969 წლებში რუსთავის „მეტალურგში“ თამაშობდა. 1970 წელს, 18 წლის ბიჭი თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს, რომლის ძირითად შემადგენლობაში პირველ შეხვედრას იმავე წლის 15 მარტს ატარებს. „დინამოს“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. ალექსანდრე ჩივაძე აღიარებდა, რომ 4 წლის უფროსი ხინჩაგაშვილის გვერდით თამაშმა გაზარდა და მისგან ბევრი რამ ისაწავლა. ჭკვიანი, ტექნიკური და საიმედო მცველი „დინამოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო.
შოთა ხინჩაგაშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში 241 მატჩი ჩაატარა. ევროპულ საერთაშორისო ტურნირებზე „დინამოს“ ფორმა 32 შეხვედრაში მოიგო, აქედან 16 – თასების მფლობელთა თასზე, 12 – უეფა-ს თასზე, ხოლო 4-ჯერ – ჩემპიონთა თასზე.
სანაკრებო კარიერა
იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, სადაც სადებიუტი მატჩი 1976 წლის 28 ნოემბერს, არგენტინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. ასევე ითამაშა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპების მატჩები.

ყველაზე მტკივნეული ყვითელი ბარათი
ლეგენდარული ფეხბურთელი 1981 წელს, თბილისის „დინამოს“ შემადენლობაში, თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა. მაგრამ გამოტოვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა – 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“, სადაც თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად და დღემდე ერთადერთ პრესტიჟულ ევროპულ ტიტულს დაეუფლა.
ტრიუმფატორებში არ იყო შოთა ხინჩაგაშვილი, რადგან წინა ეტაპზე, ნიდერლანდურ „ფეიენოორდთან“ როტერდამში გამართულ შეხვედრაში 36-ე წუთზე მეტოქის უხეშობაზე თავი ვერ შეიკავა, ხელი კრა და ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო – ამის გამო ფინალში თამაშის უფელაბა დაკარგა, რაც მის კარიერაში ყველაზე მტკივნეული ამბავი იყო.
ერთადერთი გოლი მსოფლიოს საუკეთესო მეკარის კარში
კარიერაში მხოლოდ ერთხელ აქვს გატანილი, მაგრამ ისეთი ლამაზი და ისეთი მეკარის კარში, უდავოდ აღსანიშნავია. 1970 წელს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის „დინამოსთან“ 0:2 აგებდა და 66-ე წუთზე თბილისელთა დებიუტანტმა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, შორიდან ბურთი „ცხრიანში“ გაიტანა – კარში კი ფიფა-ს მიერ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარებული ლევ იაშინი იდგა.
კარიერის დასრულების შემდეგ 1984 წელს თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის თანაშემწე გახდა, ხოლო 1986 წელს გუნდის უფროსად დაინიშნა.
2011 წელს, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, შოთა ხინჩაგაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ის ასევე არის ღირსების ორდენის კავალერი და რუსთავის საპატიო მოქალაქე.