„დინამოს“ კაპიტანი უზბეკეთში წავიდა - პაპავა „ალმალიქში“ ითამაშებს #1TVSPORT
„დინამოს“ კაპიტანი უზბეკეთში წავიდა - პაპავა „ალმალიქში“ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს. „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი ტაშკენტის რეგიონის ქალაქ ალმალიქის AGMK-ში ითამაშებს.

უზბეკური კლუბის ცნობით, პაპავამ „ალმალიქთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ხელშეკრულება ოფციონის წესით გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვადის დასრულების შემდეგ, უზბეკურ კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივების უპირატესი უფლება გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპავამ „დინამო თბილისი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორიოდე დღის წინ კაპიტნის რანგში დატოვა. 29 წლის ნახევარმცველმა თბილისური კლუბის მაისურით 182 შეხვედრა გამართა (6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა).

უზბეკურ გუნდში ქართველი ლეგიონერი აქამდეც ჰყავდათ – 2017 წელს გუნდში შოთა გრიგალაშვილი თამაშობდა, 2019-20 წლებში მისი ძმა გუჯა გრიგალაშვილი დაიმატეს, ხოლო 2020 წელს ხელშეკრულება მათე ვაწაძემ გააფორმა.

უზბეკური საფეხბურთო კლუბი ალმალიქიდან 2004 წელს ალმალიქის სამთო-მეტალურგიულმა ქარხანამ დაარსა და მდიდარი ბიუჯეტით, მალე ქვეყნის ლიდერებში დამკვიდრდა. სუპერლიგაში 2020 და 2021 წლების ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, 2018 წელს უზბეკეთის თასს დაეუფლა, ხოლო 2019, 2020 წლებში ფინალში ითამაშა.