„დინამოს“ კაპიტანი „ტორპედოსთან“ კლასიკოზე - მივდივართ სამი ქულის მოსაპოვებლად
თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა გუჯა რუხაიამ განვლილ ტურში „საბურთალოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოახლოებული ქართული კლასიკოს შესახებაც ილაპარაკა.
„ლიდერ „საბურთალოსთან“ ბოლო ტურის მატჩი მოვიგეთ, მაგრამ შეხვედრა ცუდად დავიწყეთ. სტანდარტულზე კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი გავუშვით. სულ ორჯერ ვაგებდით და ამის მიუხედავად, თამაშის გარდატეხა მოვახერხეთ და თამამად ვიტყვი, არც ერთ ფეხბურთელს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ შეხვედრას მოვიგებდით. ორჯერ რომ აგებ და მაინც მოიგებ, ეს ორმაგად სასიხარულოა“, – ამბობს გუჯა რუხაია.
თბილისელთა კაპიტანმა ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრაზეც ილაპარაკა – „ეს ქართული კლასიკოა და ყველა ფეხბურთელი მზადაა, რომ მოედანზე ყველა ეპიზოდში თავი დადოს და გუნდს სამი ქულა მოუტანოს. თამაში სამტრედიაში გვქვს, სადაც სტადიონის განახლების შემდეგ კარგი საფარი დააგეს. მიმაჩნია, რომ ეს ორივე გუნდისთვის ხელსაყრელია, რადგან კარგ მოედანზე კარგი თამაში შეგვიძლია ვაჩვენოთ. თამამად ვაცხადებ, რომ სამტრედიაში სამი ქულის მოსაპოვებლად მივდივართ“.
ქართული კლასიკო დღეს, 3 აპრილს გაიმართება. „ტორპედო“ – „დინამოს“ დაპირისპირება სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.