„დინამოს“ კაპიტანი დავით სხირტლაძე იქნება - ამ მდგომარეობაში მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება #1TVSPORT
„დინამოს“ კაპიტანი დავით სხირტლაძე იქნება - ამ მდგომარეობაში მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება #1TVSPORT

„დინამო თბილისს“ ახალი კაპიტანი ჰყავს. თბილისურ კლუბში სამკლავურს გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე მოირგებს – ინფორმაციას „დინამოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

ამავე დროს, გაირკვა, რომ გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი – რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯიმი ტაბიძეა.

დავით სხირტლაძე „დინამოს“ პირველად 2020 წლის სეზონის დასკვნით ეტაპზე შეუერთდა, 3 გოლი გაიტანა და „ლურჯ-თეთრების“ ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა. სხირტლაძის მომდევნო კლუბი დანიური „ვიბორგი“ გახლდათ, საიდანაც გამოცდილი ფორვარდი „დინამოში“ 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. სხირტლაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, ხოლო ვლადიმირ ვაისის დროს ეროვნული ნაკრებში ოთხჯერ ითამაშა.

„საქართველოში „დინამოს“ ყოველთვის ყველაზე მეტი მოეთხოვება. ეს განსაკუთრებული კლუბია და გულშემატკივრებს ყოველთვის წარმატების მოლოდინი აქვთ. ყოველ წელს ჩემპიონობა მოგვეთხოვება და არამარტო ეს – „დინამოს“ ქომაგს ყოველთვის სანახაობრივი თამაში სურს. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში კაპიტანს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვთვლი, რომ მზად ვარ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სწორად წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი გუნდი და ჩემი ქალაქი“, – განაცხადა დავით სხირტლაძემ.