„დინამოს“ ახალწვეული - სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო 17-წლამდელთა ელიტ-რაუნდი ჩაიშალა
„დინამოს“ ახალწვეული - სამწუხაროა, რომ პანდემიის გამო 17-წლამდელთა ელიტ-რაუნდი ჩაიშალა

„დინამო თბილისის“ 17 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იმედგაცრუებულია, რომ 17-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდი პანდემიის გამო უეფამ გააუქმა.

„17-წლამდელთა ნაკრების წევრი ვარ. ელიტ-რაუნდის თამაშების მოლოდინში ვიყავი. იმედი მქონდა, რომ ტურნირი გადაიდებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო ტურნირი გაუქმდა და ჩაიშალა“ – ამბობს ლუკა გაგნიძე გუნდის ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

ბოლო წლებში „დინამო თბილისი“ წარმოუდგენელია აკადემიის აღსაზრდელთა გარეშე, რომელთაც კლუბის წარმატებაში თავისი წვლილი შეაქვთ. მთავარ „დინამოში“ ასაკობრივი ნაკრების ლიდერები არიან – 17 წლის ლუკა გაგნიძე და 18 წლის ირაკლი აზაროვი, რომლებიც ვარჯიშების განახლების შემდეგ დიღმის ბაზაზე ცხოვრობენ და პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვან წვრთნას გადიან.

„მას შემდეგ, რაც ბაზა გარემონტდა, საცხოვრებელი კორპუსი და მოედნები ძალიან კარგ მდგომარეობაშია. დიდი იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმს მივაღწევ და „დინამოში“ ვითამაშებ. ახლა სეზონის განახლებას ველოდებით. იმედი მაქვს, ჩემპიონებიც გავხდებით და ევროსარბიელზეც ღირსეულად გამოვალთ“ – აცხადებს ლუკა გაგნიძე.