„დინამოს“ ახალი მწვრთნელი – საქართველოს ნაკრების მსგავსი წარმატების მიღწევა საკლუბო დონეზეც შესაძლებელია #1TVSPORT
ლადო კაკაშვილმა, რომელიც „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გახდა და ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერი შეცვალა, დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ სწორი მუშაობით თბილისურ კლუბს შეუძლია, გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებივით გაახაროს.
„„დინამო“ ჩემი ოჯახია და ეს დამოკიდებულება პირველივე შეხვედრაზე დავაფიქსირე. ძალიან გახარებული ვარ და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. კლუბის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას მადლობა მინდა გადავუხადო ნდობისთვის.
ის გზა, რომელიც „დინამოს“ აკადემიიდან დღემდე გავიარე, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დიდი გამოცდილება დავაგროვე და ვთვლი, რომ აკადემიაში წარმატებულად ვიმუშავე. ჩვენმა აკადემიამ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გაზარდა, რომლებიც დღეს სხვადასხვა გუნდში თამაშობენ.
რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ის წარმატება, რასაც ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, თუმცა ამ ზაფხულს დავრწმუნდით, რომ ეს რეალური და შესაძლებელია. ვფიქრობ, ამ წარმატებაში აკადემიას დიდი როლი აქვს, ამიტომ სწორი მუშაობით ეს შედეგი საკლუბო დონეზეც შესაძლებელია. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ აკადემიის ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გუნდი, სადაც გამოცდილი ფეხბურთელები და აკადემიის ნიჭიერი მოთამაშეები იქნებიან. ამით კლუბიც იხეირებს და ფეხბურთელები უფრო სწრაფად და სწორად განვითარდებიან.
მომავალ სეზონში ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. მზად ვართ სამუშაოდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დინამო თბილისმა“ ითამაშოს ისე, როგორც მას ეკადრება“, – ამბობს ლადო კაკაშვილი.
ლადო კაკაშვილი 2011-2024 წლებში „დინამოს“ აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდს წვრთნიდა და „დინამო 2“-თან ერთად ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა. „დინამოში“ დაბრუნებამდე, ვლადიმერ კაკაშვილი „სამტრედიას“ ხელმძღვანელობდა.