„დინამომ“ წლის პირველი მატჩი ფრედ დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ წლის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თბილისის „სპაერს“ უმასპინძლა და ფრედ – 2:2 ითამაშა.

ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-3 წუთზე სტანისლავ ბილენკის გადაცემით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა და „დინამოს“ შემადგენლობაში პირველივე შეხვედრაში სადებიუტო გოლი გაიტანა. „სპაერის“ კართან შექმნილი რამდენიმე რეალური მომენტის მიუხედავად, პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

კახა ცხადაძემ მეორე ტაიმში შემადგენლობა შეცვალა. „დინამოელებმა“ მეტოქის კარი მეორედ 66-ე წუთზე აიღეს. ლევან ხარაბაძის ფლანგური შეტევის შედეგად გიორგი გაბედავამ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. „სპაერმა“ ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება მატჩის მიწურულს შეძლო, მე-80 და 88-ე წუთებზე დუბლი დავით ნაჭყებიამ შეასრულა.

დინამო თბილისი – სპაერი 2:2

გოლები: 1:0 კირკიტაძე (3), 2:0 გაბედავა (66), 2:1 ნაჭყებია (80), 2:2 ნაჭყებია (88)

„დინამო“, ძირითადი შემადგენლობა: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ბიტოკი, მექვაბიშვილი, ლომინაძე, კირკიტაძე, სხირტლაძე, ანტილევსკი, ბილენკი

შეცვლაზე გამოვიდნენ: ბერუაშვილი, მაქაცარია, ხარაბაძე, იაკობიძე, ბენიო, ჯანგიძე, გაბიტაშვილი, პაპავა, გაბედავა, გაფრინდაშვილი, ოსეი, იობაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

„დინამო თბილისმა“ ამ მატჩით მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა – გუნდი 2022 წლის სეზონისთვის მზადებას 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს.

დატოვე კომენტარი