„დინამომ“ უეფა-ში აპელაცია შეიტანა - ვერდიქტი 13 აგვისტოს იქნება ცნობილი
„დინამომ“ უეფა-ში აპელაცია შეიტანა - ვერდიქტი 13 აგვისტოს იქნება ცნობილი

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის „დინამომ“ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა, რომლის მიხედვითაც, „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმაყურებლოდ უმასპინძლებს. ასევე, ფინანსური სასჯელის სახით კლუბს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა და ვალდებულია, ტრიბუნებზე გამოფინოს ბანერი – #equalgame.

გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის „დინამოს“ ხუთდღიანი ვადა ჰქონდა, რომლითაც კლუბმა ისარგებლა – საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ სარჩელის თაობაზე უეფა-ს ვერდიქტი 13 აგვისტოს იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის წევრების აზრით, ფაშისტური სიმბოლიკა იყო.

თბილისის „დინამოში“ დარწმუნებულები არიან, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას. „დინამომ“ უეფა-სგან გამოითხოვა და მიიღო დოკუმენტაცია, საიდანაც დასჯის მიზეზი გაარკვია. თბილისური კლუბის უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ მატჩის დელეგატმა უეფა-ს რაც აცნობა, ამის თაობაზე მატჩის მიმდინარეობის დროს შენიშვნა „დინამოსთვის“ არ მოუცია, არადა, ეს წესია და დელეგატმა უეფა-ს რომელიმე სტანდარტების დარღვევის შესახებ, მისი გამოსწორების მიზნით, მასპინძელ გუნდს უნდა აცნობოს, რომელმაც მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

მთავარია, რომ ბანერი, რომელიც ამდენი დავის საგანი გახდა, ფანებს აქამდეც არაერთხელ გამოუყენებიათ და ამის შესახებ უეფა-სგან „დინამოს“ შენიშვნა არ მიუღია. ბანერზე გამოსახული „1988“ აღნიშნავს თარიღს, როცა „დინამოს“ ფანკლუბი გუნდთან ერთად საგარეო მატჩზე პირველად გაემგზავრა. უბრალოდ, „88“ ნეონაცისტური სიმბოლოს (ლათინური ანბანის ასოები – HH, ანუ Heil Hitler) მიამსგავსეს, რადგან მანამდე ციფრი „19“ პატარა შრიფტით წერია. ამის შესახებ თბილისური კლუბის გულშემატკივრებმა საგანგებო წერილიც გაავრცელეს და ბანერზე ფაშისტური სიმბოლოების გამოყენება კატეგორიულად უარყვეს.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ ქართული კლუბის გულშემატკივრების გამოფენილი ამ ბანერის ფაშისტურ სიმბოლიკასთან ასოცირებას ცდილობს მატჩის დელაგატი ლესნიკი, რომელიც დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარ ქალაქ ტირასპოლში ცხოვრობს. მან თბილისის სტადიონზე ასევე იხილა ბანერი წარწერით – „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“.