„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის წარმომადგენელი „ნაპრედაკი“ იყო და მატჩი გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა მოიგეს.
სერბეთის მიმდინარე ჩემპიონატში „ნაპრედაკი“ 19 ტურის შემდეგ დაგროვილი 18 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილზეა. თუმცა, „დინამოს“ მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ბელეკში გამართული მატჩი თბილისელებმა აქტიური პრესინგით დაიწყეს და ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს. მე-20 წუთზე სერბების კარში გოლი თბილისელთა ახალწვეულების კარგი თამაშის შედეგად გავიდა – ლევან წოწონავას გადაცემა თბილისელთა სერბმა ახალწვეულმა, ზორამ მარუშიჩმა დააგვირგვინა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველად გაიმარჯვა – 1:0.
მომდევმო სპარინგ-მატჩი 29 იანვარს გაიმართება – „დინამოს“ მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის გუნდი კოვალივკას „კოლოსი“ იქნება.