„დინამომ“ „თელავი“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT
„დინამომ“ „თელავი“ დამაჯერებლად დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში „თელავს“ დაუპირისპირდა, დამაჯერებლად გაიმარჯვა (6:1) და სატურნირო ცხრილის სამეულში ადგილი დაიბრუნა.

გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „დინამო“ პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ანგარიში მე-20 წუთზე ულად-ომარ იმრანმა გახსნა, რომელმაც შემდეგ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მისი ასისტით ჯერ გიორგი მაისურაძემ (27) ისარგებლა, ხოლო შემდეგ – უსმანე კამარამ (34).

მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ვაგნერ გონსალვესმა „დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 62-ე წუთზე ალექსანდრე კალანდაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი იყო, ისევე როგორც მაისურაძისთვის.

81-ე წუთზე კი თავი „დინამოს“ კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გამოიჩინა, საგოლე გადაცემა კი უსმანე კამარამ შეასრულა, რომელმაც თამაში ულად-ომარ იმრანის მსგავსი სტატისტკით დაასრულა – გოლი +2 საგოლე გადაცემა. საბოლოო ანგარიში „თელავის“ თავდამსხმელმა, იმედა აშორტიამ 84-ე წუთზე შესანიშნავი გოლით დააფიქსირა – 6:1.

„დინამო თბილისმა“ 14 ტურში მოპოვებული 27 ქულით „საბურთალოს“ (26) ისევ გადაასწრო და სამეულში ადგილი დაიბრუნა, ხოლო „თელავი“ კვლავ აუტსაიდერთა ზონაში რჩება – კახელები რვა ქულით მერვე პოზიციაზე არიან.