„დინამომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო - კანკავა გუნდშია, ვაწაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და 2025 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყეს.
გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, დინამოელები 15 იანვრამდე თბილისში მოემზადებიან, შემდეგ კი გეზს პორტუგალიისკენ აიღებენ, სადაც 13 თებერვლამდე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას გაივლიან. შეკრებაზე თბილისელები ამხანაგურ მატჩებსაც გამართავენ, მეტოქეთა ვინაობა კი მალე დაზუსტდება.
გამოცდილმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. „დინამოში“ დაბრუნდნენ იჯარის წესით გაშვებული ფეხბურთელები – ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გორის „დილადან“, მცველი ირაკლი იაკობიძე და ნახევარმცველი ოთარ აფციაური „გაგრადან“. გუნდთან ერთად ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავაც.
ბაზაზე ჩატარებულ წვრთნაში, ვლადიმერ კაკაშვილის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ: მიხეილ მაქაცარია, პაპუნა ბერუაშილი, საბა ტარტარაშვილი, ნიკოლოზ უგრეხელიძე, თენგიზ გობეშია, ირაკლი იაკობიძე, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარებაშვილი, ჯაბა კანკავა, ლუკა წულაია, ოთარ აფციაური, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნიკოლოზ ტკალია, სანდრო მიქაუტაძე, რაულ ბარათელია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, თორნიკე მორჩილაძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, დავით გოცირიძე და მათე ვაწაძე.
გუნდის ცნობით, რამდენიმე ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესს უახლოეს დღეებში შეუერთდება.