„დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა და მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT
„დინამომ“ „სამგურალი“ დაამარცხა და მესამეზე დაწინაურდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური „დინამო არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – „დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.

„დინამო თბილისმა“ თამაში კარგად დაიწყო და მე-3 წუთზე ანგარიში ულად ომარ იმრანის გოლით გახსნა. სატუმრებს სწრაფად შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მაგრამ „დინამოს“ მეკარე გიორგი ლორიამ ნიკა კალანდარიშვილის დარტყმული პენალტი მოიგერია.

თბილისელები გადარჩნენ და მალე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ – დავით კობოურის გადაცემა კარის წინ დარჩენილმა ზორან მარუშიჩმა დააგვირგვინა. თუმცა, „სამგურალმა“ გატანა მაინც შეძლო – 42-ე წუთზე კაგაიამამ სხვაობა შეამცირა და „დინამომ“ ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმი „სამგურალმა“ უკეთ დაიწყო – მოედანზე სულ ერთი წუთის შესულმა ნიკა ხორხელმა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა. 72-ე წუთზე ჯერ ზორან მარუშიჩმა გაატანინა დავით სხირტლაძეს, ხოლო ორ წუთში როლები გაცვალეს და თავი სერბმა თავდამსხმელმა გამოიჩინა. 90-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ისევ ზორან მარუშიჩმა დააფიქსირა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საბოლოოდ, „დინამომ“ 5:2 მოიგო, 22 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამგურალი“ (38) მეოთხე პოზიციაზე დააქვეითა.