„დინამომ“ მზადება დაიწყო - გუნდი საუკეთესო ბომბარდირმაც დატოვა
„დინამომ“ მზადება დაიწყო - გუნდი საუკეთესო ბომბარდირმაც დატოვა

„დინამო თბილისი“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და სეზონისთვის მზადება დაიწყო, გუნდში კი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია.

„დინამომ“ დიღმის ბაზაზე გამართულ პირველ ვარჯიშზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. გიორგი ნემსაძის განკარგულებაში ადგილზე მყოფი ფეხბურთელების გარდა, წინა სეზონში სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაშვებული ფეხბურთელებიც ვარჯიშობდნენ.

„კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში“, – წერია „დინამო თბილისის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოულოდნელობა იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ჩემპიონი ნოდარ ქავთარაძემ დატოვა, რომელიც 2020 წლის სეზონში „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახლდათ.