„დინამომ“ ლევან მჭედლიძე წარადგინა - „კალიარში“ გადასვლას აქ თამაში ვამჯობინე
„დინამომ“ ლევან მჭედლიძე წარადგინა - „კალიარში“ გადასვლას აქ თამაში ვამჯობინე

„დინამო არენას“ მედია დარბაზში ლევან მჭედლიძის პრეზენტაცია გაიმართა. დინამო თბილისის ახალწვეული ჟურნლისტებსა და გულშემატკივრებს გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინეს.

„ლევანის დამატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერია, ალბათ, ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანიც. მე პირდაპირ ვამბობ, რომ მჭედლიძე ჩვენ ჩემპიონობის მოსაპოვებლად არ გვჭირდება, არამედ, ევროსარბიელზე წარმატებული გამოსვლისთვის. ეს სხვებისთვის სიგნალი იქნება, რომ თურმე საქართველოში, თბილისის „დინამოში“ თამაში ღირს“, – ამბობს რომან ფიფია.

ზაზა დოლიძე: „ვეთანხმები იმ აზრს, რომ „დინამოს“ სჭირდებოდა მჭედლიძე, ლევანს კი თბილისის „დინამო“. ასეთი დონის თავდამსხმელის ჩამოყვანა მნიშვნელოვანი ამბავია და იმედი მაქვს, რომ ეს ტრანსფერი ჩვენი გუნდისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ იტალიის სერია „ა“-ს გუნდი, „კალიარი“ იწვევდა: „იქ დღემდე არ სჯერათ, შეთავაზებაზე რომ უარი ვთქვი. მაგრამ ასეთი იყო ჩემი გადაწყვეტილება. არ დავმალავ, ბათუმის „დინამოც“ და კიდევ სხვა გუნდები მიწვევდა. მაგრამ მე მინდა, რომ თბილისის „დინამოში“ ვიყო და გუნდის ევროსარბიელზე წარმატებაში მონაწილეობა მივიღო“.

წარდგენის შემდეგ, ლევან მჭედლიძე „დინამო-არენას“ მოედანზე გავიდა, თავისი ახალი კლუბის მაისურა მოირგო და ბურთი აკენწლა. მისი თქმით, ეროვნული ლიგის უახლოეს შეხვედრას, 21 სექტემბერს საჩხერეს „ჩიხურასთან“ არ ითამაშებს: „სათამაშოდ მზად შემდეგი კვირისთვის ვიქნები. მთავარია, რომ ჯანმრთელად ვარ და არაფერი მაწუხებს. სხვათა შორის, ორი წლის წინ „ბარსელონას“ ექიმი გავიცანი და მას შემდეგ თავს ბევრად კარგად ვგრძნობ“.

დატოვე კომენტარი