„დინამომ“ კაცნაკლული „სიონი“ დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
„დინამომ“ კაცნაკლული „სიონი“ დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა ბოლნისში „სიონთან“ გამართა და საჩემპიონო ბრძოლაში უპირატესობის შენარჩუნების შანსი გამოიყენა.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.

„თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „დინამო“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 36-ე წუთზე „სიონი“ 10 მოთამაშით დარჩა. „დინამოს“ კონტრშეტევაზე თორნიკე კირკიტაძემ მეტოქეს გაასწრო და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ ივა გელაშვილმა წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს.

„დინამო თბილისი“ მთელი მეორე უტევდა, მაგრამ ბოლნისელები თავს კარგად იცავდნენ. თუნცა, 73-ე წუთზე სტუმრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. მარცხენა ფლანგიდან გაბრიელ სიგუას გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დავით სხირტლაძემ „დინამო“ დააწინაურა, 85-ე წუთზე კი კონტრშეტევაზე გიორგი გაბედავამ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო და შედეგთან დაკავშირებით ყველა კითხვას წერტილი დაუსვა.

საბოლოოდ „დინამომ“ 2:0 მოიგო, 30 ტურის შემდეგ 66 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსანი ბათუმის „დინამო“ (61ქულა – ტურის მატჩი გასამართი აქვს) მინიმუმ შემდეგ ტურამდე ვერ დაეწევა. რაც შეეხება ბოლნისის „სიონს“ (30), ისევ მე-8 ადგილზეა და გასავარდნების ზონაშია.