„დინამომ“ „გაბალა“ კომფორტული სხვაობით დაამარცხა - 2:0 | ევროპა ლიგა [ვიდეო]

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ „გაბალას“ სტუმრობდა და მეტოქე კომფორტული სხვაობით დაამარცხა.

ქართული კლუბი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სტატისტიკურ მაჩვენებელში ფლობდა უპირატესობას, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშზეც აისახა.

პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ლევან კუტალიამ თავური დარტყმით გაიტანა. საგოლე გადაცემა მას იაშვილმა გაუკეთა. 44-ე წუთზე კუტალიას დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოუმატეს და „დინამოს“ კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი საათის განმავლობაში საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს. კონტრიერიშებზე კარგად თამაშობდნენ თბილისელები და რომ არა „გაბალას“ მეკარის, ნაზიროვის კარგი თამაში, ნინუას შორეული დარტყმა გოლად გადაიქცეოდა. საგულისხმოა, რომ 70-ე წუთისთვის „დინამოელებს“ მეტოქის კარისკენ რვა ზუსტი დარტყმა დაუგროვდათ. 80-ე წუთზე კუტალიამ საჯარიმოსთან შენგელიასგან მიიღო გადაცემა, ბურთი კარისკენ დაბალი ტრაექტორიით გაუშვა და „გაბალას“ კარი, ამჯერად, ძელმა იხსნა. მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და შეხვედრა „დინამოს“ შეტევებით დასრულდა. 87-ე წუთზე, არფანგ დაფემ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა და განმეორებითი მატჩის წინ საკუთარ გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუტანა. საბოლოო ჯამში, „დინამომ“ ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

გუნდებს შორის მეორე შეხვედრა პირველ აგვისტოს, თბილისში გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.