„დინამომ“ ჩისკო ოფიციალურად დაადასტურა - ესპანელმა სტაფის წევრები შეარჩია
„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ჩისკო მუნიოსი გაწვრთნის.
„ჩისკო მუნიოსი თბილისშია და ვარჯიშიც გამართა. იგი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს. მასთან ერთად ესპანელები – მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზმომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა იმუშავებენ“, – წერია თბილისური კლუბის ოფიციალურ გვერდზე.
ესპანელი სპეციალისტი საქმეს უკვე შეუდგა და გუნდის პირველი ვარჯიში გამართა. ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს „დინამო“ უელსში გამართავს. გუნდის მეტოქე „ქონას ქი ნომედსი” იქნება. მატჩი 17 სექტემბერს კარდიფში, „კარდიფ სითი სთედიუმზე“ გაიმართება.
ჩისკოს სადებიუტო შეხვედრა „დინამოს“ მწვრთნელის რანგში 12 სექტემბერს ბათუმში გაიმართება, სადაც ეროვნული ლიგის მორიგ ტურში მოქმედი ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. ეს ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი მატჩი იქნება.