„დინამომ“ ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა (ვიდეო)

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მორიგი მატჩი თბილისურ გუნდებს – „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის.

საბურთალოელები გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე არიან, მეორეადგილოსანი დინამოელები კი მათ 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, გამარჯვებას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩი გუნდებმა „დაზვერვის“ გარეშე, ორმხრივი შეტევებით დაიწყეს, თუმცა უფრო მეტი სახიფათო მომენტი საბურთალოელებმა შექმნეს. გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდათ ვოლკოვს, კოხრეიძეს და სხვებს, მაგრამ დინამოელების მეკარე სტეპან სიკაჩი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი უგოლოდ მაინც არ დასრულებულა და სტუმრებმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეძლეს ანგარიშის გახსნა: კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, კოხრეიძის თავურს სიკაჩმა ისევ საოცარი რეაქციით უპასუხა, თუმცა დამატებაზე მარგველაშვილი გაჩნდა და „საბურთალო“ წინ გავიდა – 0-1.

წაგების შემთხვევაში, მასპინძლები ლიდერს უკვე 11 ქულით ჩამორჩებოდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც ფაქტობრივად ეთიშებოდნენ, რის გამოც მეორე ტაიმში ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს: შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეცვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ შეაგება, მეკარემ ამ დარტყმულის მოგერიება შეძლო, თუმცა ბურთი „საბურთალოს“ მცველ გიორგი რეხვიაშვილს ფეხზე მოხვდა და კარში შეგორდა – 1-1.

მოგება უფრო მეტად დინამოელებს სჭირდებოდათ და დარჩენილმა წუთებმაც უპირატესად მათ შეტევებში ჩაიარა.

უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა, როდესაც ლევან შენგელიამ შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ჩემპიონობის შანსი შეუნარჩუნა.

დინამომ 2-1 გაიმარჯვა და ამ გუნდებს შორის მეოთხე წრის მატჩი, როგორც ჩანს, გაცილებით საინტერესო იქნება.