„დინამო“კაჭარავას წასვლას ოფიციალურად არ ადასტურებს
„დინამო“კაჭარავას წასვლას ოფიციალურად არ ადასტურებს

თბილისის „დინამოში“ ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ კახი კაჭარავამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება რომ სურდა, ეს კაჭარავამ საქართველოს თასის ნახევარფინალში გუშინ „გაგრასთან“ წაგების (0:1) შემდეგ გუნდის გასახდელში ცხელ გულზე გაამხილა.

მერე კი „დინამოს“ მეპატრონის, რომან ფიფიას ემოციური კომენტარი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ გუნდში ცვლილებების დრო იყო: „თბილისის „დინამოს“ ბოლოდროინდელი შედეგები გულშემატკივრებსა და მე კითხვებს გვიჩენს. ახლო მომავალში გაკეთებული იქნება შესაბამისი დასკვნები. ჩემპიონატში კი ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

აღსანიშნავია, რომ კახი კაჭარავამ წასვლის სურვილი წელს ორჯერ გამოთქვა, მათ შორის ზაფხულში, როდესაც „დინამო“ ევროპის ლიგიდან პირველივე ეტაპიდან გამოვარდა. მაგრამ პოსტზე დარჩენა სთხოვეს.

კახი კაჭარავა „დინამოს“ 2006 და 2009–2011 წლებშიც ავარჯიშებდა, გუნდში 2017 წლის დასაწყისში დაბრუნდა და „დინამო“ საქართველოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

დარჩება თუ არა კაჭარავა გუნდში, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.