დინამოელები გულშემატკივართა უპრეცედენტო დასწრებაზე - ეს ატმოსფერო ფეხბურთს ძალიან უხდება #1TVSPORT
დინამოელები გულშემატკივართა უპრეცედენტო დასწრებაზე - ეს ატმოსფერო ფეხბურთს ძალიან უხდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ დასრულებულ (0:0) მატჩზე კომენტარები „დინამო თბილისის“ წარმომადგენლებმა გააკეთეს. ყველა აღნიშნავდა, რომ „დინამო-არენაზე“ მისულმა 22 ათასამდე მაყურებელმა შეხვედრას განსაკუთრებული ემოცია შემატა.

გიორგი ჩიხრაძე, „დინამო თბილისის“ მწვრთნელი:

„ნამდვილად სასიხარულოა, რომ ამდენი ხალხი მოვიდა. ეს ატმოსფერო ფეხბურთს ძალიან უხდება. შეხვედრა იყო საინტერესო, დაძაბული და ვფიქრობ, სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ასეთი თამაში დაიმსახურა. კარგი საგოლე მომენტები პირველ ტაიმში გვქონდა, ორჯერ ხარიხას გავარტყით. სამწუხაროა, რომ ვერ გავიტანეთ, მაგრამ ფრე არაა ცუდი შედეგი“.

ალექსანდრე კალანდაძე, „დინამო თბილისის“ მცველი:

„ბევრი გულშემატკივარი იყო სტადიონზე და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ, რადგან ეს ჩვენთვის ორმაგი მოტივაცია. რაც შეეხება შეხვედრას, ორივე გუნდს კარგი თამაში გამოგვივიდა. დასანანია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ“.

უსმანე კამარა, „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ასეთი მხარდაჭერით ჩვენ ჩემპიონატში გამარჯვებას შევძლებთ. ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ იქნებოდა. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ. შემდეგ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით. ვფიქრობ, წელს ჩემპიონობა შეგვიძლია. ამას გულშემატკივრების გასახარებლად გავაკეთებთ“.

გია გეგუჩაძე, ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მერე მდგომარეობა გამოვასწორეთ, უპირატესობას ვფლობდით და რეალური მომენტებიც შევქმენით. სამწუხაროა, რომ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ“.