„დინამო“ „ზორიასთან“ დამარცხდა
„დინამო“ „ზორიასთან“ დამარცხდა

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა – საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილე ლუგანსკის „ზორიას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-16 წუთზე ზორან მარუშიჩმა გახსნა, რომელმაც ნოდარ იაშვილის ფლანგური გადაცემით ისარგებლა. 27-ე წუთზე „დინამოს“ მეორეს გატანა შეეძლო, მაგრამ შანსი გამოუყენებელი დარჩა, ხოლო უკრაინელებმა საპასუხო შეტევაში მცველების საშინელი შეცდომით ისარგებლეს და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვლადისლავ კოჩერგინმა წონასწორობა აღადგინა 1:1.

თურქულ შეკრებაზე თბილისელთა დაცვამ მსგავსი შეცდომა პირველად არ დაუშვა. მეორე ტაიმშიც ანალოგიური მოხდა – ლუგანსკელებმა უპირატესობა მოიპოვეს და სწრაფი შეტევა გოლით დაასრულეს – „დინამოს“ კარის ბადე მეორედ დანილ ალიფერენკომ ძლიერი დარტყმით შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:2.

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს – ჯერ რუსულ „სოჭისთან“, შემდეგ კი უკრაინულ „ვერსთან“.