დინამო ზორიასთან დამარცხდა (ვიდეო)

თბილისის დინამომ თურქულ შეკრებაზე დღეს მე-6 მატჩი ჩაატარა – თბილისელებს მეტოქეობა უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანმა, ლუგანსკის ზორიამ გაუწია და დაამარცხა.

მატჩი დაძაბულად, ხისტად და საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. შეხვედრის დებიუტში ტერიტორიული უპირატესობა უკრაინელებმა მოიპოვეს, მაგრამ ანგარიში 27- ე წუთზე დინამომ გახსნა: ლევან შენგელიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, კარში ზუსტად, დაახლოებით 20 მეტრიდან ნიკა ნინუამ დაარტყა. შედეგად – 1:0.

პირველი ტაიმის ბოლოს, მეტოქის სწრაფი შეტევა საჯარიმოს ხაზთან აბდელ მეჯუბმა აკრძალული ხერხით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. სახიფათო საჯარიმო დარტყმა კი ხოსე პერალესმა მოიგერია. მეორე ტაიმი 4 წუთის დაწყებული გახლდათ, როდესაც მსაჯმა თბილისელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კარავაევმა გოლად აქცია – 1:1.

მომდევნო ხუთწუთიან მონაკვეთში თბილისელთა ესპანელმა გოლკიპერმა კიდევ ორჯერ მოახერხა სახიფათო სიტუაციის განმუხტვა. მაგრამ 83-ე წუთზე კი მეტოქემ მეორედ მოახერხა გოლის გატანა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც – 1:2 ზორიას სასარგებლოდ.

დინამო 1:2 ზორია

გოლი: 1:0 ნინუა (27), 1:1 კარავაევი (50. პ) 1:2 ივანოვიჩი (83)

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი (კობოური 46), მონხილი, ნოჩე (იაშვილი 60), ივანისენია (პაპავა 55), ნინუა (კუხიანიძე 65), ქარდავა (შულაია 55), შენგელია (ერგემლიძე 85), როხანო (კარბია 63), კუტალია (ზარია 78)

შეკრებაზე ბოლო შეხვედრას დინამო ბრესტის დინამოს წინააღმდეგ 23 თებერვალს გამართავს.