„დინამო“ ვოლკოვს უმიზნებს - თავდამსხმელს „ზირასთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება #1TVSPORT
„დინამო“ ვოლკოვს უმიზნებს - თავდამსხმელს „ზირასთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება #1TVSPORT

დავით ვოლკოვით, რომელმაც საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი წელს ჩაატარა, „დინამო თბილისი“ დაინტერესდა – ინფორმაციას გამოცემა „აზერისპორტი“ ავრცელებს.

„ქართული კლუბის ყურადღების ცენტრში აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „ზირას“ ფორვარდი დავით ვოლკოვი მოექცა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, „დინამო თბილისს” საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელის ხილვა სურს. მისი მომსახურებით გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა დაინტერესებული“, – ამტკიცებს გამოცემა.

13 ტურის შემდეგ ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიას 10 გოლით ლიდერობს. ის ვილი სანიოლმა პირველად შვედებთან ათამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო უზბეკეთთან მეორე მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა.

თუმცა, რამდენად არის ვოლკოვი თავად დაინტერესებული საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებით, როდესაც ნაკრებში დამკვიდრების რეალური იმედი გაუჩნდა? თავად ფეხბურთელმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მას საკმაოდ საინტერესო წინადადებებით უკვე მიმართეს, მაგრამ „ზირასთამაშებზეა კონცენტრირებული. ეს გასაგებია, რადგან ვოლკოვს აზერბაიჯანულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მანამდე ღიად გუნდის წასვლის და ტრანსფერის სურვილს ვერც დააფიქსირებს.

რაც შეეხება „დინამოს“ – ეროვნულ ლიგაში სეზონის ბოლო შეხვედრის შემდეგ კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ „დინამოში“ წმენდა დაიწყებოდა და შემადგენლობა განახლდებოდა. ჯერ ოფიციალურად ახალწვეულებზე ცნობილი არაფერია. მაგრამ ერთი წასულის ვინაობა უკვე ცნობილია – გუნდი მარჯვენა მცველმა, ნოდარ იაშვილმა დატოვა.