„დინამო“ ტრუბოჩკინმა დატოვა - არაბიძისა და კოვტალიუკის ტრანსფერების საკითხი გაურკვეველია
„დინამო“ ტრუბოჩკინმა დატოვა - არაბიძისა და კოვტალიუკის ტრანსფერების საკითხი გაურკვეველია

დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „დინამო თბილისის“ დირექტორმა, ზაზა დოლიძემ და გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემაძემ გუნდის სატრანსფერო სიახლეებზე ილაპარაკეს.

„ევროთასებზე წლევანდელი გამოსვლა ჩვენი ტკივილია. ფარერებზე წაგება თითოეული ჩვენგანისთვის გულისგასახეთქი ამბავი იყო. ამისთვის ბოდიში მოვიხადეთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ გუნდს შეუძლია გულშემატკივარი გაახაროს. წელს ჩემპიონები გავხდით და დავამტკიცეთ, რომ საქართველოს საუკეთესო გუნდი ვართ. შევეცდებით, ახალი სეზონისთვის გავძლიერდეთ.

ჩვენი სურვილია, 2-3 ძლიერი ლეგიონერი დავიმატოთ. ვინც ჩამოვა, ისეთი დონის მოთამაშე უნდა იყოს, ქართველებს ორი თავით რომ სჯობდეს. ამავე დროს, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების დამატებაც გვსურს“ – აცხადებს დოლიძე.

მისი თქმით, გუნდი ჯერ მხოლოდ ერთმა მოთამაშემ დატოვა: „ჯერ მხოლოდ ერთ მოთამაშეზე შემიძლია გითხრათ, რომ კონტრაქტს აღარ ვაგრძელებთ. ეს უკრაინელი ლეგიონერი ივან ტრუბოჩკინია. დანარჩენების ამბავი ზუსტდება და დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით. წლის ბოლოს კონტრაქტი დაუსრულდათ პაპავას, ქავთარაძესაც ეწურება, სხირტლაძესაც და დარჩენა შევთავაზეთ“.

სურს თუ არა „დინამოს“ გიორგი არაბიძის დამატება? ამის შესახებ გიორგი ნემსაძემ ილაპარაკა: „გუნდში სულ ერთი დღეს დანიშნული ვარ და ჩემგან ტრანსფერებზე ლაპარაკი უხერხულია. საერთოდ, ამ საკითხებზე წინასწარ მსჯელობაც მიუღებელია, რადგან შესაძლოა, ამან მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს. ჩვენ 4 იანვარს შევიკრიბებით, შეკრება თურქეთში ან ესპანეთში გვსურს გავმართოთ. ამ დრომდე ბევრი სატრანსფერო საკითხი გაირკვევა“.

მართლა სურს თუ არა ნემსაძეს „დინამოში“ კოვტალიუკის დამატება? ნემსაძემ ამ საკთხზე საუბარს თავი აარიდა: „ჯერ არც ერთი სატრანსფერო საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ვის დავიმატებთ და რომელ პოზიციაზე, ეს კარგად არის მოსაფიქრებელი, ამიტომ დღეს კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“.