„დინამო“ - „ტირანას“ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი აჩვენებს
„დინამო“ - „ტირანას“ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი აჩვენებს

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას „დინამო თბილისსა“ და ალბანურ „ტირანას“ შორის პირველი არხი აჩვენებს.

საქართველოს პირველი არხი მატჩის რეპორტაჟის განხორციელებით დაინტერესებული იყო, რათა გულშემატკივრებს თამაშის ხილვის საშუალება ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „ტირანას“ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება და ამდენად, ტელერეპორტაჟის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია.

საქართველოს პირველი არხისა და „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ შეთანხმებას სულ რამდენიმე წუთის წინ მიაღწიეს და გულშემატკივარი მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველ არხზე იხილავს.

„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ალბანურ „ტირანასთან“ 19 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.