დინამო-ტირანას მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ (ვიდეო)

დღეს, 21:00 საათზე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას „დინამო თბილისსა“ და ალბანურ „ტირანას“ შორის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „ტირანას“ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება და ამდენად, ტელერეპორტაჟის მიმართ გულშემატკივრებში დიდი ინტერესია.

თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი კახა ჩხეტიანი: „გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე არ მიყვარს საუბარი. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ჩვენი ბიჭების იმედი გვაქვს. ასევე, გულშემატკივრების – დარწმუნებული ვარ, ხვალ ისინი ხმას მაინც მოგვაწვდენენ. ერთრაუნდიანი მატჩია, შინ ვთამაშობთ და ეს ჩვენი პრივილეგიაა. ამასთან, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება“.

ტირანას“ მთავარი მწვრთნელი ემანუელ ეგბო: „გუნდის პლუს-მინუსებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ. შანსები 50/50-ზეა“.