„დინამო თბილისმა“ „ვალენსიაში“ მამარდაშვილის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „ვალენსიაში“ მამარდაშვილის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანურმა კლუბმა „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„დინამო თბილისმა“ საფეხბურთო კლუბ ვალენსიასთან გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია. ესპანურმა მხარემ ქართველი მეკარე წინასწარ განსაზღვრულ ვადაში გამოისყიდა. „საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ მოხარულია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშე კარიერას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდში გააგრძელებს. კლუბი გიორგი მამარდაშვილს წარმატებას უსურვებს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

გიორგი მამარდაშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და წლების განმავლობაში თბილისური კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. ახალგაზრდა ქართველი მეკარე „ვალენსიას“ განათხოვრების წესით 2021 წლის ივნისში შეუერთდა და მას შემდეგ ლა ლიგაში ექვსი მატჩი გამართა.

ამავე წელს შედგა მამარდაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, იგი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.