„დინამო თბილისმა“ სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო – თბილისელები სომხურ და თურქულ კლუბებს შეხვდებიან #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისი“ შეიკრიბა და ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის მზადება დაიწყო. გუნდში შემადგენლობის ცვლილებებია მოსალოდნელი.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისელები ამ ეტაპზე არასრული შემადგენლობით ვარჯიშობენ – ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან. რამდენიმე მოთამაშე კლუბს დატოვებს, ასევე დაიმატებენ ახალ მოთამაშეებს.
ივლისის შუა რიცხვებში „დინამო“ საქართველოს თასის გათამაშებაში ჩაერთვება, მანამდე კი ლადო კაკაშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩების სერია დაგეგმა. დედაქალაქელები თბილისში მყოფ სომხურ კლუბებს დაუპირისპირდებიან, შეხვედრების განრიგი უკვე ცნობილია. 24 ივნისს „დინამო“ „პიუნიკს“ შეხვდება, 29 ივნისს „ურარტუსთან“ ითამაშებს, 5 ივლისს კი „არარატ არმენიას“ დაუპირისპირდება.
სამივე მატჩი მეტოქეთა თხოვნით დახურული იქნება და გულშემატკივრებს დასწრების შესაძლებლობა არ ექნებათ.
ამ მატჩების შემდეგ, „დინამო“ თურქეთში გაემგზავრება. 8 ივლისს თბილისელები „რიზესპორს“ დაუპირისპირდებიან, 12 ივლისს კი მათ მასპინძლობას „ტრაბზონსპორი“ გაუწევს.