დანიელ ოვუსუ და ლეო ასუნსეუ კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებენ. ფეხბურთელები გუნდს პორტუგალიურ შეკრებაზე უკვე შეუერთდნენ – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„პორტუგალიურ შეკრებაზე „დინამო თბილისის“ რიგებს ორი ლეგიონერი შეუერთდა. 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ და 21 წლის განელი შემტევი დანიელ ოვუსუ. ოვუსუმ „დინამო თბილისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ასუნსეუ გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს“, – აღნიშნულია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.
ორივე ფეხბურთელი განვლილ სეზონში „სამტრედიაში“ თამაშობდა. ლეო ასუნსეუმ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო დანიელ ოვუსუს ანგარიშზე 21 მატჩი და 5 გოლია.
ბრაზილიელი მცველი სამშობლოში „ლონდრინასა“ და „პარანას“ რიგებში გამოდიოდა, ახალგაზრდა მცველი ახლაც „პარანას“ საკუთრებაა.
რაც შეეხება განელ შემტევს, ოვუსუ რედბულ „ზალცბურგის“ აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, ავსტრიული „ფირსტ ვენას“, „ლეფერინგისა“ და „ამსტეტენის“ ღირსებას იცავდა.