„დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო და მესამე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ „დინამო არენაზე“ გამართული „ქართული კლასიკო“ 2:0 მოუგო.
ამ შეხვედრამდე „ტორპედოს“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, „დინამოს“ კი ქუთაისელებთან ბოლო ხუთი მატჩში არ ჰქონდა მოგებული.
თბილისელებმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მოგებაც დაიმსახურეს. ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე, ნიკა ნინუას მოწოდებული კუთხურის შემდეგ მეორე გოლი ბრაზილიელმა ლეო ასუნსეუმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში 95-ე „ქართული კლასიკო“ იყო, „დინამო თბილისმა“ კი „ტორპედო“ 50-ედ დაამარცხა.
ამ მოგებით თბილისელებმა ეროვნულ ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ 29 ქულა დააგროვეს, მესამე ადგილზე აინაცვლეს და ქუთაისის „ტორპედოს“ (27) გადაასწრეს.