„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადებას 23 ივნისს არასრული შემადგენლობით შეუდგა – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.
24 ივნისს „დინამომ“ მოსამზადებელი ეტაპის პირველი ამხანაგური მატჩი „დინამო არენაზე“ საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხეთის „პიუნიკთან“ გამართა და 1:1 დაასრულა. თბილისელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს – თერთმეტმეტრიანი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 29 ივნისს „ურარტუსთან“ ჩაატარებენ.
ვლადიმერ კაკაშვილმა გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა. თბილისელებს კიევიდან ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაუბრუნდა. გუნდშია ახალგაზრდა შემტევი ირაკლი სირაძე, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას მწვრთნელები ახლო მომავალში მიიღებენ. ასევე, პორტუგალიიდან გუნდს დაუბრუნდა მეკარე მათე საური.
დინამოელთა შემადგენლობაში გარემარბად როლანდ აარონსმა ითამაშა, რომელიც ამჟამად სინჯებზეა და ახლო მომავალში გადაწყდება, დარჩება თუ არა გუნდში. იამაიკური წარმოშობის ინგლისელი ნახევარმცველი 29 წლისაა. მას ინგლისის პრემიერლიგაში, ჩემპიონშიპსა და შოტლანდიურ პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.
„დინამო“ – „პიუნიკი“ 1:1
„დინამო“ (პირველი ტაიმი): სიკაჩი, გვასალია, შათირიშვილი, ასუნსეუ, ხარებაშვილი, ნინუა, ფეიქრიშვილი, აფციაური, აარონსი, ჩხეტიანი, სირაძე.
(მეორე ტაიმი): საური, ბერელიძე, ახალკაცი, ოდიკაძე, პოტალოვი, შაშიაშვილი, როდრიგესი, სადღობელაშვილი, სალია, წულაია.