„დინამო თბილისმა“ ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ნიგერიელი შემტევი ნახევარმცველი მეთიუ გბომადუ ითამაშებს – 21 წლის ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
მეთიუ გბომადუ ბოლოს პორტუგალიური „ეშტრელა ამადორას“ რიგებში გამოდიოდა. მანამდე სომხური „ვანისა“ და „არარატ არმენიას“ ღირსებას იცავდა, სადაც 2024 და 2026 წლებში სომხეთის თასისა და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
„დინამო თბილისის“ ნიგერიელი ახალწვეული ვილნიუსში, „ჟალგირისის“ წინააღმდეგ კონფერენსლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რადგან კლუბს უეფა-ში განაცხადი უკვე წარდგენილი აქვს. გბომადუ „დინამო თბილისში“ თამაშს მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში შეძლებს.
„დინამო თბილისმა“ „ჟალგირისი“ პირველ მატჩში, თბილისში, 3:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა ვილნიუსში 30 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.