„დინამო თბილისმა“ მჭედლიძე დაიმატა
„დინამო თბილისმა“ მჭედლიძე დაიმატა

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ „დინამო თბილისთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„წუთის წინ საქართველოს ნაკრების ფორვარდთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. თავდამსხმელი 2006 წლიდან „ემპოლის“ ღირსებას იცავდა, 2008-2010 წლებში კი „პალერმოს“ ფორმით გამოდიოდა“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

თბილისელთა ცნობით, კონტრაქტის გაფორმებამდე ლევან მჭედლიძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და დინამოელთა ვარჯიშსაც დაესწრო, ხვალიდან კი სრული დატვირთვით შეუდგება წვრთნას. საქართველოს ნაკრების თავდამსმელი „დინამოში“ 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ლევან მჭედლიძის საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება დაუჯერებელი ჩანდა, რადგან იტალიური გამოცემა „მედიაგოლის“ ცნობით, მას იტალიური და ევროპული კლუბები იწვევდნენ. საბოლოოდ, „დინამომ“ შეუძლებელი შეძლო, რაც თავად კლუბისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

შეგახენებთ, რომ ლევან მჭედლიძე იტალიაში 2005 წელს წავიდა და მას შემდეგ იტალიურ კლუბებში თამაშობდა. ერთადერთი ქართული კლუბი, რომლის მაისურიც მას აქამდე მოურგია, გორის „დილაა“, სადაც 2005 წელს ორი შეხვედრა ჩაატარა.