„დინამო თბილისმა“ კაპიტნის გოლით ესტონური „ლევადია“ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ კაპიტნის გოლით ესტონური „ლევადია“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ მოახლოებული სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. საქართველოს ჩემპიონებმა თურქულ შეკრებაზე მეშვიდე ამხანაგური მატჩი გამართეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს 1:0.

დონეცკის „შახტარის“ ნაცვლად, თბილისელები ტალინის „ლევადიას“ დაუპირისპირდნენ, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი 2021 წლიდან თამაშობს.

გუნდების გზა 2005-2006 სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა. „დინამო“ 12 ივლისს ტალინში 0:1 დამარცხდა, ხოლო ერთ კვირაში „დინამო არენაზე“ ლევან მელქაძის და სერგო ორბელაძის გოლებით 2:0 გაიმარჯვა.

მატჩის დაწყებამდე მეტოქეებმა თურქეთის დროშა გამოფინეს და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამჯერადაც „დინამომ“ გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში თბილისელთა კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ გაიტანა.

დინამო თბილისი: კერესელიძე, მალი, ხვადაგიანი, ნბაზა, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, ოდიშარია, ოლად ომარი, გონსალვეში, მარუშიჩი;

სათადარიგოები: კუტალაძე, კალანდაძე, სხირტლაძე, მოისწრაფიშვილი, ტაბიძე, პარკაძე, უგრეხელიძე, კამარა, ლაცაბიძე, სიგუა;

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებას ასრულებს. ბოლო მატჩს დინამოელები ხვალ „რიგის“ წინააღმდეგ გამართავენ და საქართველოში დაბრუნდებიან.