„დინამო თბილისმა“ „კაპიტნის ფონდი“ დააფუძნა - თბილისის სოციალურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვა გვსურს #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „კაპიტნის ფონდი“ დააფუძნა - თბილისის სოციალურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართვა გვსურს #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ფეხბურთელებთან ერთად „კაპიტნის ფონდი“ დააფუძნა, რაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყდა, – ამის შესახებ განცხადებას თბილისური კლუბი ავრცელებს.

„ფონდის მთავარი მიზანი, მთელი წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სახის სოციალური აქტივობის განხორციელებაა. ამ გზით ჩვენს კლუბს სურს, აქტიურად ჩაერთოს ქალაქის სოციალურ ცხოვრებაში და მხარი დაუჭიროს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებს“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „დინამოს“ გულშემატკივრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სოციალურ ქსელში თბილისური კლუბის კაპიტანმა გიორგი პაპავამ მიმართა:

„მოგესალმებით, დინამოელებო. ​ჩვენთვის ყველაზე პრინციპული მატჩით მორიგ საფეხბურთო სეზონს გავხსენით. მეც და მთლიანად გუნდსაც საინტერესო, დაძაბული სეზონის მოლოდინი გვაქვს, სადაც თქვენი თითოეული გულშემატკივრის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება. ამიტომ მოგიწოდებთ, მოდით „დინამო-არენაზე“ და ერთად დავიწყოთ სვლა საჩემპიონო ტიტულისკენ“, – წერს გიორგი პაპავა.

​მან ფონდის დაარსების შესახებ კომენტარი გააკეთა: 

„სეზონის დაწყებამდე მსურს იმ ინიციატივის შესახებ მოგახსენოთ, რომელიც ჩვენი ფეხბურთელებისა და კლუბის საერთო იდეას წარმოადგენს. 2022 წლიდან ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით დაარსდება „კაპიტნის ფონდი“, სადაც შეგროვებული თანხით მთელი წლის განმავლობაში „დინამო თბილისი“ სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობას განახორციელებს. ​„​დინამო“ თბილისის განუყოფელია ნაწილია და ამ ნაბიჯით გვსურს, უფრო აქტიურად ჩავერთოთ ჩვენი ქალაქის სოციალურ ცხოვრებაში“.