ჰალიდ დოლტმურზიევი „დინამო თბილისში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჰალიდ დოლტმურზიევი „დინამო თბილისს“ შემოუერთდა. 18 წლის ფორვარდი „ბრიუგეს“ აკადემიის აღზრდილია და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
2023 წლის 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ ინგუშ ტალანტს, რომელიც ბელგიაში თამაშობდა, ბელგიისა და რუსეთის ნაკრებები იწვევდნენ, მაგრამ თავად საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა, რადგან ასეთი იყო მისი და მისი ოჯახის სურვილი.
მაშინ საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა სამენეჯრო კომპანია S&P Sports Agency-ს დამფუძნებელს, სანდრო ჭელიძეს – ფიფა-ს ლიცენზირებულ აგენტს, რომელიც დოლტმურზიევის მენეჯერია და შევიტყვეთ, რომ ამ ნიჭიერმა თავდამსხმელმა საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.
ამის შემდეგ ჰალიდმა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა. ცხადია, დოლტმურზიევი „დინამო თბილისისთვის“ საინტერესო და იმედის მომცემი შენაძენია, რომელიც, იმედია, გუნდს გააძლიერებს.
სანდრო ჭელიძის თქმით, ჰალიდ დოლტმურზიევის მამა ახალგაზრდობაში საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, აქ ნათესავებიც ჰყავს, რაც მთავარია, საქართველო მთელ ოჯახს უყვარს და ეს გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი იყო.